რა არის საჭირო აშშ-ში უძრავი ქონების საქირავებლად?

საკვანძო დროის მონაკვეთები ვიდეოში:

  • 0:50 შესავალი, საწყისი ინფორმაცია და სასაუბრო თების მიმოხილვა
  • 2:10 ნიუ ჯერსის მაგალითი
  • 2:23 რა დრო სჭირდება ნიუ ჯერსიდან ნიუ იორკში ჩასვლას?
  • 2:40 რა არის საჭირო სახლის საქირავებლად ნიუ ჯერსში?
  • 2:48 პირველი – დაუკავშირდით უძრავი ქონების აგენტს
  • 3:33 შემოსავლების დადასტურება
  • 4:00 შემოსავლების და ქირის ფასის თანაფარდობა
  • 4:59 ბექგრაუნდ ჩეკი, პიროვნების ისტორიის შემოწმება
  • 5:12 NTN ფორმა
  • 5:29 საკრედიტო ქულა
  • 6:18 ქო-საინერი(Co-signer) თანახელმომწერი
  • 6:47 პირველადი ხარჯები სახლის ქირაობისას
  • 7:58 აგენტის საკომისიოს მაგალითი ნიუ ჯერსში
  • 9:09 დაჯამება

სახლის ქირაობის პროცესი:

სახლის ქირაობა აშშ-ში დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომლებიც საქართველოდან ახლად გადმოსული ან დროებით მყოფი ადამიანებისთვის რადიკალურად განსხვავდება იმ პროცესისგან რომელსაც, თუნდაც საქართველოში ვართ შეჩვეულები.

დაუკავშირდით უძრავი ქონების აგენტს – რეალტორს.

უძრავი ქონების აგენტი არის თქვენი დამხმარე ანგელოზი. ნიუ ჯერსის შტატში, ცენტრალურ ნიუ ჯერსში, 90% შემთხვევაში თქვენ არ იხდით აგენტის მომსახურების საკომისიოს. პროცესი არის ძალიან მარტივი:

  1. ირჩევთ თქვენთვის სასურველ უძრავი ქონების სააგენტოს(შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ)
  2. უკავშირდებით და ეკითხებით თუ ჰყავთ თქვენთვის სასურველ ენაზე მოსაუბრე აგენტი.
  3. აგენტს აძლევთ შემდეგ ინფორმაციას: 1) რამდენი ადამიანი აპირებს ცხოვრებას; 2) ვის სახელზე გაფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება; 3) თქვენი შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი; 4) გყავთ თუ არა შინაური ცხოველები; 5) სასურველი ოთახების რაოდენობა; 6) სავარაუდო თვიური ბიუჯეტი; 7) სასურველი რაიონი.
  4. უძრავი ქონების აგენტი შემოგთავაზებთ ვარიანტებს, რომლების სანახავადაც ერთად მიხვალთ.
  5. თქვენს მიერ შერჩეულ უძრავ ქონებაზე აგენტი გადააგზავნის შეთავაზებას თქვენი ინფორმაციის გამოყენებით.
  6. დაელოდებით სახლის მესაკუთრის გადაწყვეტილებას თქვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით
  7. თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, აწერთ ქირავნობის ხელშეკრულებას ხელს, რიცხავთ დეპოზიტს და იხდით ყველა ასოცირებულ ხარჯს.
  8. გადადიხართ საცხოვრებლად თქვენს საოცნებო სახლში.

შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი.

შემოსავლების დამტკიცება შეგიძლიათ რამდენიმე გზით:

  1. Pay Stub რომელშიც თვალნათლად ჩანს თქვენი ხელფასი რომელსაც დამსაქმებელი სტაბილურად გირიცხავთ.
  2. ამონაწერი ბანკიდან(ბოლო 3 თვის), სადაც ჩანს თქვენი შემოსავლები ან საქმიანობის სფეროდან ჩარიცხვები. (ბანკის დეპოზიტები არ ჩაგეთვლებათ შემოსავალში).
  3. წერილი დამსაქმებლისგან. თუ ქეშზე მუშაობთ, სთხოვეთ თქვენს დამსაქმებელს რომ დაგიწეროთ ხელწერილი ან დოკუმენტი სადაც, ის, როგორც თქვენი ზემდგომი/დამსაქმებელი, დაადასტურებს რომ თქვენ მასთან მუშაობთ და იღებთ ხელფასს X რაოდენობას X დროში. საკმარისია თქვენმა დამსაქმებელმა მოაწეროს ხელი, მიუთითოს კომპანიის სახელი, თქვენი პოზიცია კომპანიაში, თქვენი დასაქმების თარიღი და საუკეთესო შემთხვევაში დადებითი რეკომენდაცია გაგიწიოთ.
  4. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ, კომპანიიდან აღებული დივიდენდები, საკონტრაქტო სამსახურის – 1099 ჩარიცხვები და ა.შ

თქვენი შემოსავლების დადასტურება, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური Pay Stub არ გაგაჩნიათ, ძირითადად თქვენს ინდივიდუალურ გარემოზე იქნება დამოკიდებული. მთავარია რომ გამქირავებელი დაარწმუნოთ იმაში რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ შემოსავალი და რომ ის აღემატება ქირის გადასახადს მინიმუმ 2.5-ჯერ.

პირველადი ხარჯები სახლის ქირაობისას.

სახლის ქირაობის დრო, თქვენ თავიდან მოგიწევთ ერთიანად გარკვეული თანხის გადახდა, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

ნიუ-ჯერსში პირველად თქვენ იხდით პირველი თვის ქირას და გამქირავებელს უტოვებთ ერთი თვის ქირის 1.5-ჯერ მეტ რაოდენობას დეპოზიტის სახით. მაგალითად, თუ თქვენს მიერ შერჩეული სახლის ქირის თანხა შეადგენს $2000-ს, ქირაობის პირველ დღეს თქვენ მოგიწევთ ჯამში $5000-ის ერთჯერადად გადახდა. $3000, რომელიც შეადგენს დეპოზიტს, ინახება უმეტესად გამქირავებლის მიერ სპეციალურად შექმნის “Escrow” ანგარიშზე, რომელსაც ხელშეკრულების ამოწურვისას დაგიბრუნებენ თუ თქვენი ცხოვრების მანძილზე სახლში კონტრაქტში აღწერილი “ზიანი” არ იქნება აღმოჩენილი.

გაითვალისწინეთ რომ პირველადი გადახდის, საკომისიოს და დეპოზიტის პირობები განსხვავდება შტატების მიხედვით.

სასარგებლო რჩევები სახლის ან ბინის ქირაობისას:

  • თქვენს მიერ აგენტისთვის და გამქირავებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ. შესაბამისად თქვენზე არის დამოკიდებული რა ინფორმაციას მიაწვდით რეალტორს ან გამქირავებელს თქვენსა და თქვენი შემოსავლების შესახებ.
  • ოფიციალურად გადამოწმებადი ძირითადი ინფორმაცია არის: თქვენი კრიმინალური ისტორია, აშშ-ში ცხოცრების სტატუსი, ქირავნობის ისტორია. ასევე შესაძლებელი შემოსავლების გადამოწმება თუ Pay Stub-ს იყენებთ დამადასტურებელ დოკუმენტად.
  • მიაწოდეთ თქვენს აგენტს რაც შეიძლება მეტი საბუთი/მასალა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში რომ თქვენი შეთავაზება(ოფერი) უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს სხვა შეთავაზებებთან შედარებით.
  • მოერიდეთ ნებისმიერი სახის პირადი ფოტომასალის გადაგზავნას პოტენციურ გამქირავებელთან.
  • სთხოვეთ თქვენს აგენტს რომ შეთავაზების გაგზავნისას, თან დაურთოს მოკლე წერილი თქვენს შესახებ, თქვენი ისტორიისა და მოტივაციის შესახებ, რაც გამქირავებელზე დადებით შთაბეჭდილებას ჩამოაყალიბებს თქვენს შესახებ. თქვენ უნდა იცხოვროთ მის საკუთრებაში არსებულ სახლში, გამქირავებლის მთავარი მიზანია აიღოს შეთანხმებული თანხა და სახლი დაიბრუნოს ისეთ მდგომარეობაში როგორშიც მოგაქირავათ.
  • მაქსიმალურად პოზიტიური გამოცდილების შესანარჩუნებლად, შეეცადეთ დაიცვათ ხელშეკრულების კრიტიკული პირობები: 1) მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობა; 2) შეთანხმება შინაური ცხოველების შესახებ; 3) დროული გადახდები; 4) უძრავი ქონების ან მასში არსებული ტექნიკის მოფრთხილება.

ეს და მრავალი სხვა სასარგებლო რჩევა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-საიტზე, რომლის მთავარი მიზანი არის დაეხმაროს და ერთმანეთთან დააკავშიროს ქართულენოვანი აშშ-ს მაცხოვრებლები.

იქირავეთ უძრავი ქონება ყველაზე AdvilAd

1 Comment

  • advilad.com

    10 months ago / 15 November 2023 @ 5:45 PM

    აუცილებელი რჩევები მათთვის ვინც პირველად ქირაობს სახლს აშშ-ში!

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_US